16 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
რა ნათესაური კავშირი აქვთ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ წოწორიებს ამავე საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან 

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი - ზურაბ და შალვა წოწორია დააკავეს. ისინი წლების განმავლობაში ფოთის პორტში მუშად მუშაობენ.

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ელგუჯა ცომაიას დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული წოწორიების მეუღლე და დედა კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელია და კონკრეტული დეტალები მისთვის უცნობია. 

"დილის 4 საათზე ვიღაცამ დაიძახა. ხომ არჩევნები მიდიოდა, აქ შტაბია ჩვენს გვერდით და ვიფიქრე, ესენი პოზიცია იყო და ალბათ რაღაცა უნდათთქო. ჩვეულებრივად ჩაცმული ახალგაზრდები იყვნენ. ჩვენ ფინანსური პოლიციიდან ვართ და შემოვალთ თუ შეიძლებაო, თან ბიზნესი არ გვაქვს და ჩემთვის ვფიქრობდი რატომ უნდა დამადგეს ფინანსური პოლიციათქო. გამეცნენ, რომ შემოვიდნენ და იკითხეს შალვა წოწორია, გვეძინა ყველას, ადგნენ და უთხრა შალვამ მე ვარო. მანქანის მონაცემები ჩაიწერეს - სად იყიდე, როდის იყიდე, რა ფერია და ა.შ. კითხვები დაუსვეს.

მანქანა უნდა წავიყვანოთ და თქვენც წამობრძანდითო. მერე ჩემს მეუღლეს ვუთხარი, შენც გაჰყევითქო, რატომ უნდა გამეშვა მარტო ღამის 4 საათზე. წაიყვანეს. იმის შემდეგ არაფერი არ ვიცი. 12 საათზე შვილი დამიკავშირდა - არ ინერვიულო, ცოტა მოგვიანებით მოვალთო. მერე დამირეკეს დაახლოებით 3 საათისთვის, ფინანსურიდან გირეკავთ, თბილისში გადაგვყავს დასაკითხადო. 

სასაზღვრო პოლიცია, შემდეგ რომ მოვიდნენ 5 საათი იყო, 6 იყო დაწყებული, რომ მოვიდნენ გასაჩხრეკად და იმათ ვკითხე ვინ ხართთქო და იმათმა მითხრეს, თქვენს შვილს და ქმარს წარუდგინეს დანაშაულის დაფარვაზე ბრალიო.

რომ ვკითხე რა დანაშაულზეთქო, მითხრეს მიხეილ სააკაშვილიო და კინაღამ გავგიჟდი. წარმოუდგენელია ეს ჩემთვის.

შეიძლება ჩვენს ნათესაურ კავშირს უკავშირდებოდეს ცომაიებთან. რადგან ბავშვის ნათლიაა ელგუჯას შვილი.

ელგუჯა ცომაიასთან ჩვენ თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმიტომ, რომ მეუღლე გარდაეცვალა, რომელიც ჩემი მეგობარი იყო, დღესაც შავები მაცვია მის გამო. კაცი არის განადგურებული და თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა. 

რომ ჩამოვლენ (შვილი და ქმარი) მეტყვიან ყველაფერს. მე არაფერი ვიცი. მანქანაც წაიყვანეს მათი, მსუბუქი მანქანა. მე ვერც გიდასტურებთ რამეს და ვერც უარყოფას ვაკეთებ. ველოდები ჩემი ქმარ-შვილის გათავისუფლებას," - აცხადებს ვერიკო წოწორია.

დღის ამბები