უკვე ორი საათია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლის მხარდასაჭერად, რუსთავის საპატიმროსთან შეიკრიბნენ - აქციის მონაწილეებს სიტყვით პარტიის ლიდერები მიმართავენ და ისინი ექსპრეზიდენტს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ.
ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში განცხადებებს სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით პარტიის სახელით თავად გააკეთებს.
"მიშა ყველაფერი იქნება კარგად. ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი, ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომელსაც 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ და ამ შანსის რეალიზების შემდეგ იქნება ბევრად უკეთესი ცხოვრების სტანდარტი, საიდანაც კი არ გაიქცევიან, არამედ დაბრუნდებიან. სანამ შენ ხარ იქ, სადაც ხარ, იცოდე, ბიძინა ივანიშვილო, სანამ მიშა სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე შენს წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ბრძოლის ავანგარდში ვიქნები სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ცოცხალიც რომ არ ვიყო, აი ეს საფრთხეც რომ არსებობდეს, არ მოგასვენებთ, მანამ სანამ ტყვეობიდან არ გავანთავისუფლებ ამ სახელმწიფოს.
სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და ეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის სახელით გავაკეთებ მე,"- აღნიშნა ნიკა მელიამ.