ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, ჩეხეთის პრემიერი, ანდრეი ბაბიში, ბრიტანეთის ყოფილი, პრემიერი ტონი ბლერი - ეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წლების განმავლობაში ქონებას ოფშორულ ზონებში მალავდნენ.
ბაჰამა, ბელიზი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, პანამა, კვიპროსი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, სინგაპური და შვეიცარია - ამ გეოგრაფიულ ტერიტორიებს ერთი რამ აერთიანებთ - ეს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების დაფარული სამყაროა, სადაც ისინი თავიანთ ფულს ან მალავენ ან ფულის გათეთრებისთვის იყენებენ. მეთოდები უმაღლეს დონეზე გასაიდუმლოებულია. ქონების აღწერილობა დაფარულ ფინანსურ დოკუმენტებშია თავმოყრილი, რომელმაც ახლა უკვე მედიაში გაჟონა და დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ამხილეს. გამოძიებაში, სადაც 600-ზე მეტი ჟურნალისტი მსოფლიოს 117 სახელმწიფოდან მონაწილეობდა, ამუშავებდა და სწავლობდა 11 მილიონზე მეტ ფაილს. რეპორტიორებმა ხელში ჩაიგდეს ცნობილი ადამიანების საფოსტო მისამართები, პასპორტის ასლები და საბანკო ანგარიშები - ჟურნალისტებისთვის თვალსაჩინო გახდა, თუ როგორ მუშაობდა პარალელურ სამყაროში ასეულობით მაღალჩინოსნის დანაშაულის სქემა.
დოკუმენტებში, რომელსაც PANDORA PAPERS-ის სახელითაა ცნობილი, ნახსენებია სვეტლანა კრივონოგიხი, რუსი ქალის საქმე, რომელიც 2003 წლის აპრილში კარიბის კუნძულზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის მეშვეობით მონაკოში ბინის მფლობელი გახდა, სულ რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც გოგონა გააჩინა. ეს არის სვეტლანას საქმე, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთობაში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან იყო.
საიდუმლო ჩანაწერებში ასახულია ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ახლო გარემოცვის კავშირები ოფშორული კომპანიების ქსელთან. ზელენსკიმ და მისმა პარტნიორებმა ერთ-ერთ სატელევიზიო მწარმოებელ კომპანიაში შექმნეს ოფშორული ფირმების ქსელი, რომელიც დათარიღებულია მინიმუმ 2012 წლით. ოფშორულ ფირმებს ზელენსკის პარტნიორები ლონდონში უძრავი ქონების შესაძენად იყენებდნენ. დოკუმენტები ასევე აჩვენებს, რომ 2019-ში მის არჩევამდე, ზელენსკიმ თავისი წილი საიდუმლო ოფშორულ კომპანიაში გადასცა ბიზნეს პარტნიორს, რომელიც მოგვიანებით მისი მთავარი მრჩეველი გახდა, მალე კი შეთანხმება შედგა, რომელიც საშუალებას მისცემდა ოფშორულ ფირმას გაეგრძელებინა დივიდენდების გადახდა იმ კომპანიისთვის, რომელიც ახლა ზელენსკის მეუღლეს ეკუთვნის.
ოფშორულ ზონებში, სავარაუდოდ, 32 ტრილიონ დოლარამდე თანხაა გადამალული. აქ არ შედის ძვირფასეულობა და ხელოვნების ნიმუშები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ე.წ. საგადასახადო თავშესაფრის გამოყენების გამო მსოფლიო მთავრობები წელიწადში 600 მილიარდი დოლარის გადასახადებს კარგავენ.