16 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
შარლ მიშელის გზავნილი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებისგან შეთანხმების პუნქტების სისრულეში მოყვანას ელოდება

19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებზე მუშაობის დაწყების შესახებ შარლ მიშელმა საკუთარ Twitter-ზე განცხადება ადგილობრივი არჩევნებიდან მესამე დღეს დაწერა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ახლა მხარეებისგან მისი შუამავლობით მომზადებული შეთანხმების პუნქტების სისრულეში მოყვანას ელოდება. განსაკუთრებულ აქცენტს ის რეფორმების იმ ნაწილზე აკეთებს, რომელიც კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებას ეხება.

მიშელის განცხადება, მეტწილად, ოპონენტების მისამართით გაკეთებულ გზავნილად აღიქვა მმართველმა პარტიამ. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამით ოპოზიციას მიანიშნა, უარი თქვან დესტრუქციაზე და საქმიან ფორმატში გადაინაცვლონ.

მმართველ ძალას მიშელის გზავნილების ფონზე კიდევ ერთხელ შეახსენა ოპოზიციამ, რომ ხელისუფლებას დოკუმენტში გაწერილი რეფორმების გატარება მაინც მოუწევს. საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლო და მართლმსაჯულება სწორედ ამ სამი მიმართულებით ითხოვს ოპოზიცია ძირეულ ცვლილებებს.

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო გუნდს შეთანხმებაში დაბრუნება მოუწევს, ეს კი მათი თქმით, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული.

მმართველი პარტიის პოზიცია უცვლელი რჩება. "ქართული ოცნებისთვის" 19 აპრილის დოკუმენტი ანულირებულია, თუმცა მიშელის შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად როგორც თავად ამბობენ, სასმართლო რეფორმის დასრულებას მაინც გეგმავენ. 

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც რეფორმებზე მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა შემხვედრ ნაბიჯებს ორივე მხარე ერთმანეთისგან ელოდება. 

დღის ამბები