"ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი "ევროპის სახალხო პარტია" არჩევნებთან და სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლოს ჩატარებულმა არჩევნებმა ქვეყანაში მათი შეშფოთება დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობის გამო გაზარდა.
ამასთან, მათივე განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში.
"საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ხაზგასმულია დემოკრატიული სტანდარტების შემცირება, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ნაკლებობა, უთანასწორო პოლიტიკური გარემო, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, დარღვევები და სიძულვილის ენა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი პარტიის წამყვან ფიგურებს შეუწყნარებელი და პროვოკაციული გამოსვლები ჰქონდათ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლიანობას საქართველოში, ეს კი ჩვენს ღრმა შეშფოთებად რჩება.
ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს მეორე ტურში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს, სადაც გადაწყდება დიდი ქალაქების ბედი.
ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებითა და კონსტრუქციულ დღის წესრიგში დაბრუნებით, რაც ქვეყნის რეფორმების პროცესს დააჩქარებს," - ნათქვამია განცხადებაში.