16 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, ეს სიგნალია, რომ დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება - კალიურანდი

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრმა, მარინა კალიურანდმა კიდევ ერთხელ შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები.

კალიურანდის თქმით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გასვლა მოუწოდა, ხალხმა კი ეს არ გააკეთა, რაზეც ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საზოგადების ამგვარი რეაქცია სიგნალია, მისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება.

"უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა იყო უფრო მაღალი, ვიდრე წინა ადგილობრივი არჩევნების დროს, რაც ნიშნავს, რომ "კოვიდ-19"-თან დაკავშირებული მდგომარეობა აღქმულია სერიოზულად. თუმცა იყო შექმნილი ისეთი გარემოებები, რომლებმაც ადამიანებს მისცა საშუალება, საარჩევნო უბნებზე მისულიყვნენ. საარჩევნო უბანზე ყველას ეკეთა პირბადე, თუმცა ზოგიერთ უბანში იყო ჭარბი რაოდენობის ხალხი. ზოგადი შთაბეჭდილება ხმის მიცემის დღესთან დაკავშირებით იყო საკმაოდ პოზიტიური.

რაც შეეხება სააკაშვილს, მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე - სავარაუდოდ, კი.

სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა და იმ მომენტისთვის, მას არ შეეძლო ესაუბრა ხალხთან იმგვარად, როგორც მანამდე. ახლა დიდი კითხვაა "ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან" – რა არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომავალი? იქნება ის სააკაშვილთან ერთად, სააკაშვილის გვერდით თუ მის გარეშე. ჩემთვის ასევე საინტერესო იქნება, რა მოხდება ამ მიმართულებით," - განაცხადა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე. 

დღის ამბები