16 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაიწყო - ენმ-ში ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებები პარტიის შიგნითაც მიმდინარეობს

ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, კონსულტაციები უკვე დაიწყო. "ნაციონალურ მოძრაობაში" ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს პარტიის შიგნითაც და მეორე ტურში გამარჯვების მთავარ გზად - ერთიანობას ხედავენ. 

"რა თქმა უნდა პარტიის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც აქვს სურვილი ერთობის და ვინც არის რეალურად პროდასავლური ოპოზიცია. მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა მაშინ, როდესაც ებრძვი ოლიგარქიას, კრიმინალური მენტალიტეტის სახელმწიფოს და ერთადერთი გადარჩენის, გამარჯვების შანსი ამ შემთხვევაში არის ოპოზიციური ერთობა და ეს ერთობა ვნახეთ, რომ პირველ ტურზე ძალიან კარგი შედეგი მოიტანა," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ნონა მამულაშვილმა.

"ლელოში" კი აცხადებენ, რომ კონსულტაციები ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს - "ქართული ოცნების" მმართველობის დასრულება და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.

"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ -პირველი: იმის თაობაზე, რომ აუცილებელია "ქართული ოცნება“ დასრულდეს რაც შეიძლება მეტ წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეორე: არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებას შევთავაზოთ კოალიციური მმართველობის ეფექტური მოდელი, რომელიც იქნება გამყარებული სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთა შორის ნიჭის და იდეალების ირგვლივ გაერთიანებაზე - ეს არ არის პიროვნებების ირგვლივ გაერთიანება, ეს არის პრინციპების ირგვლივ გაერთიანება, სადაც ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილება," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები