რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", არის თუ არა შიდა დაპირისპირება და რას ამბობენ პარტიაში - ენმ-ის წევრი ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ყველა პარტიაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს ერთიანობას ხელს არ უშლის.
"ყველა პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ყველა ლიდერთან მიმართებით, ზოგადად, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რომელიღაც მხარდამჭერს, შეიძლება, რომელიღაცა ლიდერის მიმართ უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს, რომელიღაცა ლიდერის მიმართ - უფრო ნაკლები, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ პარტია არის ერთიანი, გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთიანად და ვაპირებთ მეორე ტურში გამარჯვებას," - განაცხადა ნიკა ობოლაძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილსა და მელიას შორის არსებული გარკვეული კონკურენცია "ნაცმოძრაობისთვისაც" არის ცნობილი. როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის აქტუალურობა პოლიტიკურ ზედაპირზე დიდ ხანს არ გაგრძელდება.
"ის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას შორის არსებობს გარკვეული ტიპის კონკურენცია, ეს დამალული, მგონი, მათ გუნდშიც აღარ არის, თუმცა ეს არის მათი საქმე, ეს ჩვენი საქმე და ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის.
დღეს მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პრაქტიკულად, ის არის ლიდერი, მან პრაქტიკულად გაუცოცხლა, შეეცადა ყოველ შემთხვევაში, "ნაცმოძრაობას" და მის მომხრეებს დღის წესრიგი და გამომდინარე აქედან, ახლა ცდილობს, რომ აქტუალური იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე, რაც დიდხანს არ გაგრძელდება გარწმუნებთ.
მიხეილ სააკაშვილი არც ევროპას, არც ამერიკას, არც შიდა საზოგადოებას აღარ აინტერესებს, აინტერესებს მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" და თაკო ჩარკვიანს, ეს მათი საქმეა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.