პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შედარება ამორალურია.
მმართველი გუნდის წევრმა "რუსთავი 2-თან" განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს მტრობა და ქვეყნის სიძულვილი ამოძრავებთ.
"ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა საკითხი, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას", ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარი და უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილის პირადი ინტერესები არ დაეყენებინა.
ერთ მხარეს არის ქვეყნის მტრობა, სიძულვილი და ავანტიურა, მეორე მხარეს კი, საკუთარ მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე ზრუნვა. თუნდაც ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ყველა პოსტ-საარჩევნო შეფასებაში პოზიტიურად არის მოხსენებული, შეგახსენებთ, რომ უზრუნველყო "ქართულმა ოცნებამ" და მის მხარდაჭერაზე კი უარი თქვა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილთან სააკაშვილის შედარება არის ამორალური და ამ ქვეყნის ყველა პატრიოტისთვის თანაბრად მიუღებელი," - განაცხადა იონათამიშვილმა.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას.
იან კელი წერს, რომ ორივე საწამლავია პოლიტიკურ სხეულში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის მის ქვეყანაში, ვინც კონფლიქტს და პირად ძალაუფლებას ამჯობინებს ეროვნულ ინტერესებს.