როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა- "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს სხდომას რამდენიმე წუთში დაიწყებს. სხდომაზე პარტიის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის დაკავება იქნება.
"უმთავრესი, რაც პარტიის აქტივს აინტერესებს და საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარტიის სამოქმედო გეგმა. მათ შორის, საპროტესტო აქტივობების დაგეგმვა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება მეორე ტურებთან დაკავშირებით პარტიის სტრატეგიის შემუშავება შესაბამის ოლქებში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
პარტიაში ასევე ამბობენ, რომ განხილვის თემა, მეორე არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებაც იქნება.
"განხილვის საგანი და მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა. ასევე, ვიმსჯელებთ პირველი ტურის შედეგებს, გავაანალიზებთ როგორ ვემზადებით მეორე ტურებისთვის, რადგან მეორე ტურებში, ძირითად, ამ დიდ ქალაქში ბრძოლაში გამარჯვება იქნება და არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რითიც შეგვიძლია დავნიშნოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გამოვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი ამ პოლიტიკური პატიმრობიდან" - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა.