ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტზე გაკეთებული განცხადებები დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარის განცხადება მისი პირადი მოსაზრება და პოზიციაა.
"მათი შეფასებები არის ვითარებიდან გამომდინარე. როგორი იქნება მოვლენები განვითარება, რამდენად დაორგანიზდება აქციები, ან როგორ მოიქცევიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ამას პროცესი გვაჩვენებს და ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.
მარინა კალიურანდის განცხადებას აფასებს პარტიის "დროა" თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია, რომელიც ამბობს, რომ ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ, შეუძლია საკუთარი პოლიტიკური შეფასებები ჰქონდეს.
"პოლიტიკური შეფასება, როგორი ძალაუფლება აქვს მიხეილ სააკაშვილს, როგორი ძალაუფლება აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ვინ არის კარგი პოლიტიკოსი, ვინ არის ცუდი პოლიტიკოსი, ამაზე ყველას თავისი აზრი შეუძლია რომ ჰქონდეს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, არეულობას შეუწყო ხელი თუ არ შეუწყო ამ პროცესებმა. ფაქტია და ეს აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა ისე, რომ არც ერთი მოწოდება რომ დამიცავით მე, რომ არ დამიჭირონ, არ გაუკეთებია. სახლში მარტო დახვდა პოლიციელებს და მშვიდად, გაღიმებული შევიდა ციხეში," - ამბობს ელენე ხოშტარია.
თბილისის საკრებულოს წევრის პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის", საბა ბუაძის თქმით, მარინა კალიურანდს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება მიხეილ სააკაშვილის შესახებ და ის შეიძლება რომ იყოს კრიტიკული.
"მე დღეს არსებულ გამოწვევებს გაცილებით უფრო სხვა მიმართულებით დავინახავდი. პირველ რიგში დავინახავდი ხელისუფლების იმ ნაბიჯებში, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდაც და არჩევნებზეც ვიხილეთ," - აცხადებს საბა ბუაძე.