16 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
"სწორად აფასებს ქალბატონი კალიურანდი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას" - ანრი ოხანაშვილი

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრის, მარინა კალიურანდის შეფასებას მმართველ პარტიაში სრულად ეთანხმებიან. "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ფაქტებს სწორად აღიქვამს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ ადამიანმა, რომელმაც  უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს.

"სწორად აფასებს ქალბატონი კალიურანდი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. ერთის მხრივ, ის აჟიოტაჟი ნაციონალური მოძრაობის და სრული პანიკა, რომ თურმე ხალხი დაირაზმებოდა და სააკაშვილს ხელში აყვანილს შემოიყვანდნენ, ჩაფლავდა. ადამიანმა, რომელმაც დადასტურებულად, არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული სამი ინსტანციის გადაწყვეტილებით, არამედ სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურებულად ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები, უნდა აგოს პასუხი. სამარცხვინოა იმ ადამიანების პოლიტიკური შეფასებები, რომელიც ამ ადამიანს, მსჯავრდებულ სააკაშვილს მოიხსენიებენ ე.წ. პოლიტიკურ პატიმრად,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არასწორი აღქმები და არასწორი მოლოდინები აქვს.

"ვეთანხმები ამ გაკეთებულ შეფასებებს, სწორი აღქმაა ფაქტებისა. ორს დავამატებდი, პირველი, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა, როდესაც კანონი დაარღვია ბატონმა სააკაშვილმა და მეორე რასაც დავამატებდი, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ადასტურებს რომ არასწორი აღქმები და არასწორი მოლოდინები აქვს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბატონ სააკაშვილს. ვითარება რეალურად მართლაც არსებითად განსხვავდება იმისგან, რა წარმოდგენებიც შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები