16 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირისკენ სწრაფვა და ნატოში ინტეგრაციაზე მონტენეგროს გამოცდილება - საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირისკენ სწრაფვა და ნატოში ინტეგრაციაზე მონტენეგროს გამოცდილება - ეს თემები მიმოიხილეს ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტებმა. მილო ჯუკანოვიჩი თბილისში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება - ჩამოფრენის შემდეგ მას პრეზიდენტის სასახლეში ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა.

პირისპირი და გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

"როცა ჩვენ ვემზადებით 2024 წლისთვის ჩვენი კანდიდატურის გაცხადებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს და ახლა მივიღოთ ეს კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რომელიც დაგვეხმარება გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც მიგვიყვანს ჩვენს ერთობლივ დიდ მიზნამდე.

შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ახლო მომავლისთვის, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ორ რეგიონს, რომლებიც, რეალურად, არიან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ვერ წარმოიშვება სერიოზული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, თუ არ იქნება გათვალისწინებული ამ ორი რეგიონის მიმართებაში თუ რა უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია და როგორ უნდა იყოს ეს პოზიცია მყარად დაცული,"- განაცხადა პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.

მონტენეგროს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნებს შორის მეგობრობის გაღრმავებაა. 

"საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია მონტენეგროსთვის. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ ნატოს ოპერაციაზე, ჩვენ ერთნაირი ღირებულებები გვაქვს. საქართველოში სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გავაღრმავოთ, ასევე გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ. რა თქმა უნდა ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს შიდაპოლიტიკურ ვითარებას საქართველოში და ასევე პოლიტიკურ სიტუაციას თქვენს რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას, რასაც თქვენ საქართველოში ვითარების გასამჯობესებლად დებთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია თქვენს მიზნებს მიაღწიოთ.

საქართველო არის ძლიერი ქვეყანა, თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თქვენს ამბიციებს, თქვენ სწრაფვებს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ამ პოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირის გაფართოების ინტერესი იკლებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავიდან გავაღვიძოთ ეს ინტერესი. ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. გეოპოლიტიკური მდებარეობა რთული თემაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როლები სწორად გადანაწილდეს, რათა რეგიონებს შესაძლებლობა მიეცეთ, თავიანთი მიზნები შეასრულონ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი სტრატეგიული მიზნები განხორციელდება,"- განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა. 

აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს პრეზიდენტი ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად სტუმრობს საქართველოს.

დღის ამბები