ევროპარლამენტარებმა ყოფილ პრეზიდენტს ბრიუსელიდან მიანიშნეს, რომ მან საქართველოში გავლენები დაკარგა. მარინა კალიურანდსა და მაიკლ გალერს ამის თქმის საფუძველს მიხეილ სააკაშვილის ის განცხადებები აძლევს, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს აქციების გამართვისკენ მოუწოდა, თუმცა, მოქალაქეები ქუჩაში არ გასულან. ევროდეპუტატები კრიტიკულად აფასებენ სააკაშვილის მხრიდან საზღვრის სავარაუდოდ უკანონოდ კვეთის საკითხსაც.
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს თქვეს, რომ ევროპარლამენტარებს არასწორი ინფორმაცია აქვთ. განმარტავენ, რომ სააკაშვილს საქართველოში არც დესტაბილიზაციის მოწყობა სურდა და არც აქციებს გეგმავდა. პარტიაში მარინა კალიურანდს რეიტინგის სიმცირეზეც უპასუხეს და ამ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდეს.
ოპოზიციურ სპექტრშიც აცხადებენ, რომ მარინა კალიურანდის შეფასებები მისი პირადი, სუბიექტური მოსაზრებაა და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ევროდეპუტატებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ.
ევროპარლამენტარების პოზიციას იზიარებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს ყოფილი პრეზიდენტის გეგმებზე და თქვეს, რომ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციისთვის ბრუნდებოდა.
ევროდეპუტატებმა აღნიშნული განცხადებები გუშინ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ–დისკუსიაზე გააკეთეს. გარდა მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, მარინა კალიურანდი არჩევნების მიმდინარეობის საკითხსაც გამოეხმაურა და მას პოზიტიური შეფასება მისცა.