"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების პოლიტიკურ მასშტაბებზე სააკაშვილის მხარდამჭერები მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აქტიურად ალაპარაკდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი, მთავარი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებლის უპირატესობას აქამდეც აღიარებდა. მათ შორისაა თაკო ჩარკვიანი - ვინც ყოფილ პრეზიდენტს ყველაზე ორგანიზებულად ელოდებოდა და ვინც დღეს უკვე დაკავებული სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციებს უწევს ორგანიზებას.
მიზნის მიღწევას ის "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარესთან ერთად აპირებს, რომელიც პარალელურად არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. ნიკა მელიას სააკაშვილის მხარდამჭერთა მოძრაობის ხელმძღვანელი ასევე ლიდერად მოიხსენიებს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს სტატუსი მას გარემოებებმა მოუტანა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერსა და თავმჯდომარეს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორად მიაჩნიათ მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის სხვა აქტიურ მხარდამჭერებსაც, მაია ორჯონიკიძემ ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
მაია ორჯონიკიძე ნიკა მელიას იმ განცხადებას იხსენებს, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ ციხესთან გამართულ აქციაზე რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, სწორედ თაკო ჩარკვიანისა და სააკაშვილის მხარდამჭერების მისამართით გააკეთა.
პარტიის მხარდამჭერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივ მოვლენად მიაჩნიათ თავად "ნაციონალურ მოძრაობაში," სადაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანაბარ გავლენებზე მიუთითებენ.
იმას, რასაც "ნაციონალურ მოძრაობაში" არასერიოზულადაც აღიქვამენ, მმართველ გუნდში კონკურენციას უწოდებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს მათი შიდაპარტიული საქმეა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ნიკა მელია გასულ წელს, პოსტიდან და გუნდიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლის შემდეგ აირჩიეს, მანამდე კი პარტიის ხელმძღვანელად ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილი ითვლებოდა.