მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობა პარლამენტში დღეიდან იწყება. 2022 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.
"კომიტეტის მანდატიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ცალკეული ის სფეროები, აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, რაც არის მოქცეული და რომელტა მთავარი ფუნქციაც არის ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, ეს წარმოადგენს ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს და, ამ თვალსაზრისით, გვექნება ინტერესი გამოხატული, კონკრეტული ინფორმაცია იქნება მოსმენილი და გვექნება მსჯელობა იმაზე, რამდენად რელევანტური და საკმარისია ბიუჯეტით განსაზღვრული პარამეტრები საიმისოდ, რომ ფუნქციების შესრულება იყოს სათანადო დონეზე,"- აცხადებს მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე.
პროექტს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი საფრთხეს უქმნის ლარის კურსის სტაბილურობას და ის მორგებულია მმართველი გუნდის ბიუროკრატიულ ხარჯებზე.
"კვლავ ძალიან დიდია ბიუჯეტის დეფიციტი, კვლავ საფრთხეში იქნება ლარის კურსის სტაბილურობა. გარდა ამისა, ყველა ის უსარგებლო, კორუფციული თუ "ქართული ოცნების" ბიუროკრატიაზე მორგებული ხარჯები, რომლებიც შემდეგ საარჩევნო კამპანიაში გამოიყენება ხოლმე, კვლავ დარჩენილია. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ბიუროკრატიზებული ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით ფული იხარჯება სახელმწიფო მოხელეების შენახვაზე,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
ამ ეტაპზე, მომავალი წლის ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონზე მეტით არის განსაზღვრული.