ხმაური რუსთავის ციხესთან - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ენმ-ს წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს.
"ზვიად კუპრავა დააკავეს გაურკვეველი მიზეზებით. ჩვენც შოკში ვართ. მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო, ეცნენ, დააკავეს. მეც წავიქეცი ამ ჭიდაობაში. ვეკითხებოდი და ხელები ამომიბრუნეს. ძველი ბიჭების ხროვაა ესენი," - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღეს დილიდან მივიდნენ, მათ ციხის პერიმეტრზე პროტესტის ნიშნად წარწერების დატოვება სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება.
დღესვე, მსჯავრდებული პრეზიდენტის მხარდამჭერები და თანაგუნდელები დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გაიმართება მასშტაბური აქცია.
ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების თქმით, უკვე ჩატარებულმა აქციებმა ის შედეგი გამოიღო, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც აქამდე საკანში ტელევიზორი და ლეიბი არ ჰქონდა, უკვე მიუტანეს.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ციხის ექიმები, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად აკვირდებიან. შესაბამისად, ისინი ამ მხრივ პრეტენზიას არ გამოთქვამენ.
თუმცა, ბექა ბასილაია იმასაც ამბობს, რომ უმჯობესი იქნება მას მის პირად ექიმთან ჰქონდეს კონსულტაცია, ვინაიდან ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას წლების განმავლობაში აკვირდება.