საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერება NATO-ს მადრიდის სამიტისთვის მზადების პროცესში განხილვის საკითხი იქნება. განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.
იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსი გააგრძელებს უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობას და პარტნიორობის განმტკიცებას. ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ ქვეყნების მისწრაფების მხარდაჭერას.
ვფიქრობ, ჯერ ცოტა ადრეა, წინასწარ მსჯელობა, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ლიდერები მომავალი წლის სამიტზე. თუმცა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. საუბარია ჩვენი ახლო პარტნიორების საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე. ჩვენ, ასევე, მხარს ვუჭერთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ ევროინტეგრაციის გზაზე სვლა. მივესალმები ფაქტს, რომ NATO-ს მოკავშირეები, როგორც ალიანსის ფარგლებში, ისე ორმხრივად ეხმარებიან უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ ვაგრძელებთ, როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას. ეს იქნება განხილვის საკითხი მადრიდში ჩვენი მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესში,"-აცხადებს იენს სტოლტენბერგი.