16 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
"არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება" - რას ამბობენ ოპოზიციაში ბათუმში მომხდარ ინციდენტზე

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თვითმმართველობის საკითხებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. 

"ახლა მთავარია მაქსიმალურად მობილიზება ყველა სამსახურის, ყველა მაშველის. ასევე, მოქალაქეების აქტიურობა, რომ მაშველებს დავეხმაროთ, თუ რამე სჭირდებათ და გადავარჩინოთ ის ადამიანები რომელთა ხმაც ისმის და ცოცხლები არიან, ეს არის მთავარი ამოცანა. რაც შეეხება მიზეზებს, პრობლემებს, რომელიც მრავალი წელია ბათუმში, ვფიქრობ, ეს არის შემდეგი ეტაპი,"- აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. 

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ქვეყანაში კორუფციაა გამეფებული და მომხდარზე პასუხისმგებლობის ვინმეზე დაკისრების იმედი არ აქვს. 

"ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია, არ არსებობს შესაბამისი კონტროლი და ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ პასუხისმგებლობას, როგორც წესი, არავინ არ იღებს იმაზე, რაც ხდება ხოლმე. შესაბამისად, მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დადგება,"- აცხადებს აქუბარდია.

"მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი კი მიიჩნევს, რომ სწორედ მსგავსი პრობლემები უნდა განხილულიყო წინასაარჩევნოდ და არა რეფერენდუმისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი. 

"ეს არის ის პრობლემა, რაზეც უნდა გვესაუბრა ჩვენ ყველას ბათუმშიც, თბილისშიც წინასაარჩევნო პერიოდში. მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პარტიებმა, უმრავლესობამ არჩია, რომ ელაპარაკათ რეფერენდუმზე და ვადამდელ არჩევნებზე. სინამდვილეში, ამ ადამიანების პრობლემების მოგვარების პროგრამები უნდა შეეთვაზებინათ პარტიებს. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და დღეს არის ის, რომ ადამიანები ისევ იმ პრობლემების წინაშე დგანან, ისევ თავზე ენგრევათ სახლები, როგორც აქამდე ხდებოდა,"- აცხადებს იოსელიანი. 

დღის ამბები