16 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ზუგდიდის საოლქო კომისიას პოლიცია იცავს - როგორ პასუხობენ ცესკოში ოპოზიციის ბრალდებებს

ზუგდიდის საოლქო კომისიას პოლიცია იცავს - სამართალდამცველები იმყოფებიან როგორც შენობაში, ასევე შენობის გარეთ.

ხმაური ადგილზე ოპოზიციის მისვლას მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება და მათმა წარმომადგენელმა დაინახა, როგორ გახსნეს მეოთხე ოლქის დალუქული ბიულეტენები წინასწარ.

"ზუგდიდში ხალხმა მოიგო არჩევნები მიუხედავად ყველაფრისა. რაც არ უნდა მოიპარონ და გადაწერონ, ზუგდიდი გამარჯვებულია. მოუწევთ ამ უკანონობაზე პასუხისგება,"- აცხადებს პარტიის ”დროა” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია. 

ამ ბრალდებას აბსურდული უწოდეს საოლქო კომისიაში.

"არაუგვიანეს მეშვიდე დღისა, ამოდის ერთიანი სიების დალუქული პაკეტები, იხსნება ჩანაწერთა წიგნები და ეტაპობრივად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მოადგილე ახდენდა ყველას თანდასწრებით პაკეტების დალუქვას. ამას შეიძლებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დასწრებოდა. მე ყველაფერზე კანონისმიერი გადაწყვეტილება მივიღე,"- აცხადებს #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.

ფაქტს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ამ წუთებში მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს.

"საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება, ამ წუთებში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ საშუალებას, მედიას ზუსტი და დეტალური ინფორმაცია გააცნოს და მასზე მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს. მხარეებს მოვუწოდებთ არ შეუშალონ ხელი მათ საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას,"- აღნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი.

ზუგდიდში, საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა დაატოვებინეს. 

დღის ამბები