"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ზუგდიდის საოლქო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციის კანდიდატი, რომელიც გუშინ გამარჯვებულად ითვლებოდა, დღეს დამარცხებულად გამოაცხადეს.
ნიკა მელია "ქართულ ოცნებას" კითხვით მიმართავს - თუ რა უნდა გააკეთონ ამ დროს მათ:
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში "ქართული ოცნება" დაამარცხა. ამის შემდეგ კი "ქართულმა ოცნებამ" უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, ვიდრე აქამდე ჩაუდენია მას საარჩევნო პროცესში. როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ ოპოზიცია გაცილებით მეტ მანდატს ფლობს, როგორც კი ეს გაიგეს, პირველ ტურში ჩვენი გამარჯვებული მაჟორიტარი, გუშინ ღამე, ქურდულად საარჩევნო ზონდერებმა, ხელოვნურად დაძრეს ხმის გადათვლის პროცესი და ის დამარცხებულად გამოაცხადეს. წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს.
ამის შემდეგ ხდება საოცრება, ოლქში, სადაც საჩივარიც კი არ დაუწერია "ქართულ ოცნებას", მათი სიით გასული ერთ-ერთი დეპუტატის მამამ ხელოვნურად გაასაჩივრა მანუჩარ ფიფიას ოლქი და აქედან გამომდინარე, გუშინ ქურდულად დასხდნენ და უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს. არც ერთი ტომარა არანაირი საცავი დალუქული არ აქვთ, რასაც უნდათ ჭრიან და კერავენ, მაგრამ საწადელს მაინც ვერ აღწევენ.
რა არის გამოსავალი - ვხედავთ როგორი განუკითხაობაა ქვეყნის ფარგლებში. რა იკადრეს ზუგდიდში, გუშინ თუ გამარჯვებული იყო დღეს როგორ იქცა ჩვენი კანდიდატი დამარცხებულად. მოგმართავთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გულწრფელად - რას გვირჩევდით ჩვენ, თვალები დავხუჭოთ და არ ვიბრძოლოთ სიმართლისთვის? ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც ვერც მხედრიონმა და ვერანაირმა ტერორის ძალამ ვერ დაამცირა და ვერ დააშინა,"- აცხადებს ნიკა მელია.