"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირს წერილობით მიმართა. ის ამბობს, რომ"ნაცმოძრაობამ" უნდა შეწყვიტოს საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობა.
"ჩვენ წერილობით მივმართეთ და ახლა საჯაროდაც მივმართავთ ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ იმყოფებიან და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კომუნიკაცია იქონიონ "ნაციონალურ მოძრაობასთან“, რათა მათ შეწყვიტონ საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობები.
"ნაციონალური მოძრაობის" ეს საქციელი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად ფარისევლურები არიან ისინი. გუშინ ამტკიცებდნენ, რომ ერთი ადამიანის ხმაც კი მათთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, და დღეს, როცა ამ ერთი ადამიანის ხმა მათ წინააღმდეგ არის გადამწყვეტი, ეს ადამიანი და ეს ხმა მათთვის არაფერია. ამომრჩეველი მათ თვალში მხოლოდ მათი ამომრჩეველია.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა უბნების 10%-ის შემთხვევით შერჩევა და გადათვლა. სტატისტიკურად ეს ნიშნავს, რომ სურათი რომელსაც აჩვენებს უბნების 10% არის განზოგადებადი უბნების 100-ვე პროცენტზე და ამ მხრივ საერთო სურათს ქმნის. ამ პრინციპით 3600 უბნიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაითვალა 360 უბანი და დადგინდა, რომ ცვლილებები შეეხო სულ 130-მდე ხმას, ანუ ხმების დაახლოებით 0,07%,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.