გვიან ღამით, ციხეში, ექსპრეზიდენტი მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.
როგორც ექიმი ამბობს, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, თუ შიმშილობა გაგრძელდება, რამდენიმე დღეში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა გართულდება და მას მკურნალობა დასჭირდება.
"პრეზიდენტი მხნედ არის, ძალიან კარგად გრძნობს თავს. ნერვიულობდა ამ ბათუმის ამბავზე, სულ მეკითხებოდა, ტელევიზორში უყურა ყველაფერს. განაგრძობს შიმშილობას და მე მითხრა, რომ არ დავამთავრებო. მშრალ შიმშილობაზე არასოდეს არ ყოფილა პრეზიდენტი, იღებს წყალს, საფრთხის წინაშე რამდენიმე დღეში იქნება ალბათ, იმიტომ, რომ აქვს ანემია. ორ-სამ დღეში ჩემის აზრით ანალიზები გაუარესდება, მედიკამენტური დახმარება ჯერ არ სჭირდება, მაგრამ ჩემი გამოთვლებით, შემდეგ კვირას დასჭირდება,"- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.