"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც ამ დროის მონაცემებით, 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ირაკლი კობახიძე წერს, რომ ამ დროს მწუხარების გადმოცემა სიტყვებით რთულია.
"სიტყვებით რთულია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს გეუფლება. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, რომლის გადარჩენის იმედიც გუშინ ყველა ჩვენგანს უკანასკნელ წუთამდე არ ტოვებდა, უდიდესი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
მადლობა მაშველებს თავგანწირვისთვის!"- წერს ირაკლი კობახიძე.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.
მაშველები ნანგრევებში დღეს დილიდან კიდევ სამ მოქალქეს ეძებდნენ.
ტრაგედიას ამ დროის მონაცემებით, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.