ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს.
"კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო, ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს.
11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა. მათ დღეს პატიმრობა შეეფარდათ.