16 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
საქართველო აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოლოდინში - რა მისიით ჩამოდის თბილისში ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი გენერალი

საქართველო შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოლოდინშია - ოთხვარსკვლავიანი ამერიკელი გენერლის ვიზიტის შესახებ, დღეს პენტაგონმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ლოიდ ჯეიმს ოსტინის მარშრუტი ასეთია: საქართველო, უკრაინა, რუმინეთი. რის შემდეგაც თავდაცვის მდივანი ბრიუსელში ევროპელ კოლეგებთან შესახვედრად ჩადის.

ამერიკელი გენერლის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი პენტაგონს ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ NATO-ს მინისტერიალი ბრიუსელში 21 ოქტომბერს იწყება. 

"თავდაცვის მდივანი და მისი გუნდის წევრები მომავალ კვირას ევროპაში გამგზავრებისთვის მოემზადებიან. შეჩერდებიან მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში და ამ მნიშვნელოვან ვიზიტს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებენ,"- განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ.

ჯეიმს ოსტინი ამერიკის ისტორიაში ცენტრალური სარდლობის პირველი აფროამერიკელი მეთაური იყო და პირველი აფროამერიკელი თავდაცვის მდივანია.

საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში ადასტურებს, რომ რეგიონული უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ალიანსთან დაახლოების თემების პარალელურად, შავი ზღვის უსაფრთხოება ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტის დროს ყურადღების ცენტრში იქნება.

ქართველი დიპლომატის თქმით, თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართ ამერიკის ინტერესს ადასტურებს. მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად მიიჩნევს თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩასვლას ჰადონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში რიჩარდ უეითზი.

მით უმეტეს იმ რეალობაში, როდესაც NATO-ს და ევროკავშირის ერთ-ერთ მძიმეწონიან სახელმწიფოში ადმინისტრაცია იცვლება და საჭიროა ამერიკის ვალდებულების დადასტურება ალიანსის არაწევრი პარტნიორების მიმართ.

"როგორც ჩანს, ეს პასუხობს იმ საფრთხეებს, რომლებსაც შავი ზღვის ქვეყნებში ვხედავთ. უკრაინა ხაზგასმულია რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზების გამო. ძალიან კარგია, შეერთებული შტატები ამ თემებით დაკავებული დარჩეს. რუმინეთი, როგორც ნატოს წევრი, კარგად არის დაცული. გამოწვევები უკრაინას და საქართველოს აქვთ. საჭიროა ქმედებები, რომლებიც ამერიკის დამოკიდებულებას წინ წამოწევს. ცხადია, თავდაცვის მდივნის ვიზიტი ერთ-ერთი ასეთი განზრახვაა და აგზავნის შეტყობინებას ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ ეს ქვეყნები მნიშვნელოვანია. გერმანიაში ახალი მთავრობა იქნება, სხვებისთვისაც საჭიროა შეხსენება და ასევე ეს არის გზავნილი მოსკოვისთვის, ამ ქვეყნების მიმართ შეერთებული შტატების ვალდებულებაზე,"- აცხადებს რიჩარდ უეითზი, ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

პენტაგონში თქვეს, რომ უფრო ვრცელი, ოფიციალური განცხადება ამ ვიზიტის შესახებ უახლოეს დღეებში გაკეთდება და სავარაუდოდ, მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

დღის ამბები