16 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციისთვის მზადება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მობილიზაცია გამოაცხადა და პარტიის აქტივი ყველა რეგიონიდან თბილისისკენ მოემართება.

"აქ შეიკრიბება ათობით ათასი ის ადამიანი, ვისაც უნდა ცვლილება ამ რეჟიმისა და ვინც ითხოვს ამ ქვეყნის თანამედროვე სასახელმწიფოებრიობის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ამავდროულად ითხოვს საქართველოს თავისუფლებას და უნდა თავისი შვილებისთვის და თავისი თავისთვის უახლოეს ხანებში უკეთესი მომავალი. მართალია დღევანდელი აქცია არის "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული, მაგრამ იგი არ არის ვიწრო პარტიული ხასიათის," - აცხადებს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი გია ბარამიძე.

დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ორგანიზატორებმა სამზადისი დილიდან დაიწყეს. საკრებულოს შენობის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. სწორედ ამ სცენიდან პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მიმართავენ.

"ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ შევეგუებით მონობას, არჩევნების გაყალბებას და არ შევეგუებით საქართველოში პოლიტპატიმრებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია 18 საათზე თავისუფლების მოედანზე, ერი-ბერი გავერთიანდეთ და ერთხელ და სამუდამოდ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის გუბერნია და არც შევეგუებით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს აქციის შემდეგ, ამაზე საზოგადოებას ექნება ინფორმაცია აქციის მსვლელობის პირობებში, თუმცა მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და მშვიდობიანი აქცია," – აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძე საზოგადოებას მოუწოდებს აქციას შეუერთდნენ.

"წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა ხალხის მასის დაიძრა რეგიონებიდან და ზუსტად ისეთივე მობილიზებაა თბილისში, ამიტომ მაყურებლებსაც მინდა ვთხოვო, რომ არ დარჩეთ სახლში დამკვირვებლების როლში და ყველანი გამოდით 6 საათზე თავისუფლების მოედანზე, გადაჭედილი იქნება აქაურობა და ეს იქნება ჩვენი სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და აქ იქნება ის ხალხი, ვისაც უნდა ქვეყანაში ცვლილება და თავისუფლება," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები