16 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
დღეს ვიბრძვით ამ ქვეყნის და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მობილიზაცია გამოაცხადა. პარტიის აქტივი ყველა რეგიონიდან თბილისისკენ დაიძრა.

თავისუფლების მოედანზე, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციისთვის მზადება დილიდან მიმდინარეობს. საკრებულოს შენობის წინ სცენა უკვე დამონტაჟებულია. სწორედ ამ სცენიდან პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს მიმართავენ.

"დღევანდელი აქცია არ არის პარტიული. დღეს ამ მოედანზე თქვენ ნახავთ უამრავ ადამიანს, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც, სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც. აქ არ არის საქმე ვის რა პოლიტიკური სიმპათია ან ანტიპათია გააჩნია, დღეს ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის, ვიბრძვით მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისათვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღორძინებასა და განვითარებაში," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა საზოგადოებას აქციაზე მოსვლა მოუწოდა.

"ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით თბილისელებს, ვისაც აქვს თავისუფალი დრო, მნიშვნელოვანია, რომ საღამოს 18:00 საათზე ყველანი ვიყოთ თავისუფლების მოედანზე მიშას თავისუფლებისთვის," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ აქციაზე განსხვავებული პოზიციების, ხედვების და პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შეიკრიბებიან და ისინი ერთიან პოზიციასა და იდეას დააფიქსირებენ.

დღის ამბები