”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე დღევანდელი აქციის მთავარი მიზნის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ აქცია მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"დღევანდელი დღე ჩაივლის მშვიდად, პრინციპული პოზიციით, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვეტყვით ხმამაღლა არას იმ პოლიტიკურ პატიმრობებს, პოლიტიკურ ზეწოლებს, სპეკულაციებს, რასაც ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება" სჩადის თავისი ოპონენტების მიმართ.
დღევანდელი დღე იქნება გამოხატულებაა იმის, რომ ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ დემოკრატიულ წყობილებას და გვინდა გვქონდეს დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" პერიოდში თავიდან ბოლომდე არის მოშლილი.
დღევანდელ დღეს, ისევ და ისევ დემოკრატიულ ფარგლებში, ძალიან პრინციპულად უარს ვიძახით და ვეუბნებით არას იმ რეჟიმს, რომელსაც თავს გვახვევს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ვეცდებით, რომ 30 ოქტომბერს ყველამ ერთად გადავტეხოთ ის სისტემა, რომელიც დღეს არის დანერგილი და დავიწყოთ მრავალპარტიული კოალიციური გზით ამ ქვეყნის მშენებლობა," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდებიან, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია შეკრებას არ დაესწრება.
"საერთოდ ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას, კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია იქნება თუ არ იქნება დღეს წარმოდგენილი ჩვენთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია. მაგრამ, მთავარი, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ერთიანი ვართ იმ პოზიციაში, რომ ერთად ვიბრძვით მეორე ტურებში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას".
ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ტაქტიკა გვქონდეს ბრძოლის, თუმცა მიზანი ერთი გვაქვს. არც ერთს არ გვინდა ერთპარტიული მმართველობა და გვინდა გადავიდეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან მმართველობაზე,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.