16 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში - ევროპარლამენტარებმა არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის საქმე შეაფასეს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მეორე ტურები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმეა.

საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროპარლამენტარებმა მედიასთანაც ისაუბრეს. 

"ევროპული პარლამენტი იქ იქნება არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად. ჩვენ ველით, რომ წინასაარჩევნო გარემო იქნება მშვიდობიანი, არ იქნება დამატებით პოლარიზაცია, არჩევნები იქნება კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, როგორც ეს პირველ რაუნდზე იყო.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავების საქმეს: საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენ ველით, რომ საქართველოში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპებით მოხდება მიხეილ სააკაშვილის საქმის გადაჭრა. არჩევნების წინ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი აქ იყო და შეხვდა ევროპული პარლამენტის წევრებს, ჩვენი რჩევა მისდამი იყო, რომ ის თბილისში არ წასულიყო და არ მომხდარიყო სიტუაციის პოლარიზება. იმედი მაქვს, რომ გამოიყენებს თავის სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას და პოლიტიკურ კაპიტალს, რომ სიტუაცია დაამშვიდოს. ეს რეალისტურია. მე ამის იმედი მაქვს, მაგრამ ასე ადვილადაც არ ვიჯერებ.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები მივლენ არჩევნების მეორე ტურზე და მშვიდად აირჩევენ კანდიდატს. საქართველოს მოქალაქეებს სურთ იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილი. მათ სურთ იცხოვრონ იგივე პრინციპებითა და ღირებულებით, როგორც ჩვენ, ასევე, ისინი დაიღალნენ პოლიტიკური ბრძოლით. რა შეძლება იყოს ჩემი რჩევა ქართველი პოლიტიკოსებისადმი: გთხოვთ, მოუსმინეთ ხალხს, მიიღეთ თქვენი მანდატი და ემსახურეთ თქვენს ხალხს. ყველა პოლიტიკოსი საზოგადოებას უნდა ემსახუროს და ეს პასუხისმგებლიანად უნდა გააკეთოს,"-განაცხადა  ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან მარინა კალიურანდმა.

​ევროპარლამენტის დეპუტატმა მაიკლ გელერმა ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ საქმის დამკვეთები დაისაჯონ.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროცესი სამართლებრივად მიმდინარეობს და შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხებს წესით ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ის ახლა სასჯელს იხდის, რომელიც მას წლების წინ მიუსაჯეს, ახლა კი რაიმე ახლა ბრალდებაზე საუბარი არ არის. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ეს ქცევა მიუღებელია და ბადებს კითხვას, თუ ვინაა პასუხისმგებელი. ფოკუსირებული უნდა ვიყოთ არა იმაზე, თუ ვინ გაავრცელა ჩანაწერები, არამედ იმაზე, რომ ეს ფაქტი მოხდა და ვინაა მასზე პასუხისმგებელი, ასევე, თუ ვინ გასცა ბრძანება.

ამ პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტთანაც განვიხილე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის თავადაც ჩანაწერების მსხვერპლია. ასე რომ, აშკარაა, მათ, ვინც ჩანაწერების გაკეთება დაუკვეთეს, უფლებამოსილებას გადაამეტეს. ჩვენ ვაკვირდებოდით არჩევნების პირველ ტურს, რომელიც ტექნიკურ დონეზე ნორმალურად ჩატარდა. იმავეს ველით მეორე ტურზეც," - აცხადებს მაიკლ გალერი.

ევროპარლამენტის დეპუტატმა სვენ მიქსერმა​ აქცენტი პოლიტიკური პოლარიზების უარყოფით მხარეებზე გააკეთა. 

"არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია სტაბილური პოლიტიკური დისკურსი გადაჭარბებული ანტაგონიზმის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ხალხის კანონიერი მოლოდინები გააზრებული იყოს. ყველა, ვინც პოლიტიკურ დისკურსში მონაწილეობს საქართველოში, მოითხოვს მორალურ ზომებს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში და ისინი პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ. მათ არ უნდა შეუწყონ ხელი პოლარიზაციას. ვფიქრობ პოლარიზაციით მოგებული არავინ დარჩება," - განაცხადა მიქსერმა

დღის ამბები