რეგიონებიდან შემოსული კოლონების გამო, თბილისის ცენტრი დღეს პარალიზებული იყო.
პარტიული აქტივი და სააკაშვილის მხარდამჭერები დღეს დილიდან საქართველოს რამდენიმე კუთხიდან დაიძრნენ - მათ შორის, სამეგრელოდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან. გზად მათ ცოცხებიანი კონტრაქციების მონაწილეები ხვდებოდნენ, იყო დაპირისპირებაც.
"ცოცხების კორიდორში" გავლა მოუხდათ აქციისთვის დაძრულ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს გორიდან. პარტიის წევრები ამბობენ, რომ თავისუფლების მოედანზე ერთი მოთხოვნით მიდიან, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.
ხმაური და დაპირისპირება იყო რუსთავის გამოსასვლელთან. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ავტომობილებს საპროტესტო კორიდორის მონაწილეებმა ცოცხები და ხელკეტები დაუშინეს. ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.