16 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი კოლეგების გარეშე - რატომ არ უერთდება სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ოპოზიცია

დღევანდელ საპროტესტო აქციაში, რომელიც ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა, ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობს. მართალია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს სისტემის აუცილებლობას პარტიების ნაწილი იზიარებს, თუმცა, ამის მიუხედავად, დღევანდელ აქციას ისინი არ შეუერთდნენ, მათ შორის არის პარტია "ლელო".

პარტიული და ინდივიდუალური პოზიციები გამიჯნეს "სტრატეგია აღმაშენებელში", სადაც განმარტეს, რომ პარტიულ პასუხისმგებლობას აქციაში მონაწილეობისთვის ვერ აიღებენ. თუმცა, რადგან ოპოზიციური ძალის წევრებისთვის საპროტესტო აქციის პათოსი მისაღებია, მათ პროტესტის ინდივიდუალური გამოხატვის ფორმა აირჩიეს. სურვილის მიხედვით, საპროტესტო აქციაში დამოუკიდებლად მონაწილეობის ფორმატი, ასევე, მისაღებია პარტიაში "გირჩი - მეტი თავისუფლება."

კოლეგებისგან განსხვავებით, არც პარტიულად და არც ინდივიდუალურად აქციას არ შეუერთდნენ "ევროპული საქართველოსა" და "გირჩის" წევრები. მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ, მაგრამ მასში თანამონაწილეობას სტრატეგიულ შეცდომად მიიჩნევენ. "გირჩელებისთვის" კი საპროტესტო აქციის მიზანი გაუგებარია.

საპროტესტო აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, მთავარია პროცესი მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს - ასეთია მთავრობის ხელმძღვანელის პოზიცია. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებით ხელისუფლებამ ქვეყანას მძიმე პროვოკაციები აარიდა. 

მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ საპატიმროში იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

დღის ამბები