რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 პატიმრის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
"2021 წლის 14 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა ადგილმდებარეობა; დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა; შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ხანძრის კერის ადგილის დათვალიერება, რომლის შემდგომ დაინიშნება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვა; მიმართული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის №17 დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდეს ჩანაწერების გამოთხოვა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას," - ნათქვამია განცხადებაში.