დღეიდან ამოქმედდა სამართლებრივად ის მექანიზმები, რაც 2-კვირიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩვენო პროცესს დაარეგულირებს და პროცესს მეორე ტურამდე მიიყვანს. საარჩევნო სუბიექტებს ექნებათ ყველა ის უფლება, რითიც მათ პირველი ტურის დროს ისარგებლეს. ძალაში რჩება სპეციალური კოვიდუბნების მოწყობაც.
ცესკომ მეორე ტურისთვის მზადების პარალელურად, შეაჯამა პირველი ტურის შედეგები. გადაითვალა 812 უბანიც, რასაც, როგორც ცესკოში ამბობენ, გავლენა შედეგებზე არ მოუხდენია.
"დღეიდან უკვე ჩართულია ის სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც არეგულირებს მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, არჩევნების დღემდე, რა არის საარჩევნო სუბიექტების უფლებები. ძირითადი უფლებები, რაც იყო პირველ ტურში რა თქმა უნდა შენარჩუნებულია, ვგულისხმობ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს და ყველა ჩართულ მხარეს.
გადათვლილია უბნები უპრეცენდენტო რაოდენობა, ეს არის 112 უბანი. შესაბამისად აქ დამდგარი შედეგები ცალსახად ადასტურებენ, რომ არანაირი ზეგავლენა მათ საბოლოო შედეგზე ვერ ექნებოდათ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეორე ტურებისთვისაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავითვალოთ შესაბამისი რაოდენობის უბნები სავალდებულოდ, ისე როგორც არის კანონში გაწერილი," - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან "მოქალაქეები" ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ პირველ ტურში გამოვლენილი ხარვეზების მიუხედავად, რეფორმა შედგა და ხალხმა საკუთარი ნების გამოხატვა შეძლო.