16 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
საქართველოში ვარ იმისათვის, რომ ვაღიარო ის დიდი ღირებულება, რომელსაც ჩვენს პარტნიორობას ვანიჭებთ - პენტაგონის ხელმძღვანელი

პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი ხომ არ მიანიშნებს რეგიონში გაზრდილ საფრთხეზე და არის, თუ არა ეს გზავნილი რუსეთისთვის. აღნიშნული კითხვა საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს CBS-ის ჟურნალისტმა დაუსვა.

"ჩემი საქართველოში ვიზიტი ემსახურება დარწმუნებას და პარტნიორობის აღიარებას, ეს არის ჩვენთვის კრიტიკული რეგიონი ჩვენ გვაქვს ინტერესი, გვაქვს საზიარო ღირებულებები. ვხედავთ მთელ რიგ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაგრძელებლად. კვლავ აქ ვარ იმისათვის, რომ დავარწმუნო, ვაღიარო ის დიდი ღირებულება, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორობას. რაც შეეხება საქართველოს წვლილს ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში, მე ხაზს გავუსვამ კრიტიკულ როლს რომელიც საქართველომ შეასრულა ჩვენს დახმარებაში, ჩვენთან ერთად მხარდამხარ სამსახურში. მე ვმსახურობდი ერაყშიც და ავღანეთშიც და შემიძლია უშუალო გამოცდილებით გითხრათ შესანიშნავი სამხედროები ჰყავს საქართველოს. საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება იამაყოს მისი წვლილით, მისი სამხედროებით. მაგრამ მოგეხსენებათ ეს ორი ომი არ განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს საზიარო ინტერესები, რომელზეც მუშაობას გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ პარტნიორობას სამომავლოდ. კვლავ მსურს დავარწმუნო საქართველო და სამყარო იმ შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში რომელიც ჩვენ გვაქვს," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

CBS-ის ჟურნალისტის კითხვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ შეეხებოდა ამერიკის მხრიდან დახმარების საკითხში მოსალოდნელ შესაძლო ცვლილებას მას შემდეგ რაც საქართველო აქტიურად აღარაა ჩართული საველე პირობებში საბრძოლო მოქმედებებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატოსთან დაახლოებაში ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქტიურად აღარაა ჩართული საველე პირობებში საბრძოლო მოქმედებებში, პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში რაიმე ცვლილება არ იგეგმება და საქართველო მზადაა მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად თავისი წვლილი კვლავ შეიტანოს:

"ჩვენის მხრივ ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თუ იქნება საჭიროება და გადაწყვეტილება ისევ მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ

დღის ამბები