16 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების აკრძალვა - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებაზე ოპოზიციას კითხვები აქვს

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე მუშაობა დაიწყო. საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების აკრძალვასა და შესაბამისი სანქციების დაწესებაზე. საკითხზე კანონმდებლები დაჩქარებული წესით აპირებენ მუშაობას. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ სიახლე წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში უფრო ცივილიზებულს გახდის.

ოპოზიცია საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას არ ეთანხმება. პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით საარჩევნო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსის საფუძველზე უნდა ხდებოდეს.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ აპირებენ ამ ცვლილების სწრაფად მიღებას იმ ფონზე, როდესაც სწორედ ხელისუფლება გამოირჩევა საარჩევნო პროცესში მონაწილე სუიბიექტებისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით.

"რომ შექმნილიყო სუბიექტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ამაზე მუშაობდა მთელი თქვენი ინფრასტრუქტურა. სისხლიანი პლაკატების გაკვრით დაწყებული და მიდიოდა საუბარი ვინ მოღალატეა, ვინ გამცემია. რა შეიცვალა? რა კათარზისი მოხდა "ქართულ ოცნებაში" ასეთი ამ პერიოდის  განმავლობაში, რომ ითხოვთ, აკრძალოთ ის, რასაც ცოტა ხნის წინ თქვენ თვითონ აკეთებდით?"- მიმართა იაგო ხვიჩიამ  მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

"ქართულ ოცნებაში" მზადყოფნას აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება არა დაჩქარებულ, არამედ ჩვეულებრივ რეჟიმში განხორციელდეს და მასში ოპოზიციამაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა:

"საზოგადოებამ განსაჯოს რა შეიცვალა და რა არ შეიცვალა, ჩვენი მოტივაცია არის რომ მიმდინარე არჩევნებსაც შეხებოდა ეს საკითხი, მაგრამ მიუხედავად ამ პოზიციისა ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ ეს საკითხი, რომ არ იყოს დაჩქარებული წესით და ჩვეულებრივ რეჟიმში მივიღოთ,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პოლარიზების შემცირება და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, კონსენსუსზე დაფუძნებით უნდა იქნეს მიღებული.

დღის ამბები