მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები ამით დასრულდა. ამის შემდეგ მთავარი საფინანსო დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას უნდა დაუბრუნდეს. დაახლოებით 18 ნახევარ მილიარდიანი ბიუჯეტით მმართველი გუნდი კმაყოფილია და თვლის, რომ ეს ლარის კურსზე დადებით გავლენას მოახდენს.
ოპოზიციის მოსაზრება კი განსხვავებულია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხარჯები არასწორად არის განაწილებული და მის მხარდაჭერას არ აპირებენ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივნის გიორგი კაკაურის განმარტებით, 4.4%-იანი დეფიციტი, მართალია შედარებით მაღალია ვიდრე სასურველი, თუმცა არის ის მაქსიმალური მაჩვენებელი, რომელიც არ უნდა გაიზარდოს.
"შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყანას პროფიციტული ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს, თუმცა დეფიციტის მოცულობა გარკვეულ ზღვრებში, რაც ჩვენს შემთხვევაში ალბათ არის 2.5%-ზე დაბალი დეფიციტის მაჩვენებელი, რაც პანდემიამდე გვქონდა არის ოპტიმალური ვერსია, რომელიც ერთის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ხელს უწყობს და მეორეს მხრივ არ ქმნის რისკებს არც ვალის და ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით. ამიტომ, 4.4%-იანი დეფიციტი მიუხედავად იმისა, რომ მაინც შედარებით მაღალია ვიდრე სასურველი იქნებოდა, ეს არის ის მაჩვენებელი, რომლის ზევითაც ნამდვილად არ უნდა წავიდეთ," - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.