16 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"ყველა გზავნილია ამ წერილში, რაც ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს სააკაშვილის დაპატიმრების პირველივე დღიდან" - ოპოზიცია ევროპელი პოლიტიკოსების წერილზე

ევროპელი პოლიტიკოსების წერილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება, გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ენმ-ის წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორები მესამე პრეზიდენტს პოლიტპატიმრად აღიარებენ.

"მიხეილ სააკაშვილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ აღიარებულია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. "ქართული ოცნების" მიმართ არის მოთხოვნა, რომ ის გაათავისუფლონ დაუყონებლივ, იმიტომ რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. ამის შესახებ იცის აბსოლუტურად ყველამ, ყველა ჩვენმა მეგობარმა და პარტნიორმა, ამიტომ მიხეილ სააკაშვილს ვერ გაასამართლებს ოლიგარქის მიერ მართული სასამართლო," - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

"ყველა ის გზავნილია ამ წერილში, რაც ჩვენ, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების პირველივე დღიდან," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ბათუ ქუთელიას შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების პირობებში საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება.

"ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდაპარტიული დაპირისპირების თემა, ეს არის ევროპული დემოკრატიის დღის წესრიგის ნაწილი. ამიტომაც ეს წერილი მნიშვნელოვანია და ამიტომაც არის ამ წერილზე ჩემი ხელმოწერა," - განაცხადა ქუთელიამ.

"ლელოს" წევრი, ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, სამართლიან სასამართლოს იმსახურებს.

ცნობისთვის, 70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. მიმართვას ხელს აწერენ ლიეტუვის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 25 ევროპარლამენტარი, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტი წევრი და ქართველი პოლიტიკოსები. წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევრო კომისიის და ევრო პარლამენტის პრეზიდენტები.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს ვიდრე ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.

დღის ამბები