16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ევროპელი პოლიტიკოსების ღია წერილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით - ვინ არიან ადრესატები და ვისი სახელები იკითხება გამოქვეყნებულ წერილში

72 პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ღია წერილს ავრცელებს. ლიეტუვის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტარები, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება და რაც უკიდურესი პოლარიზაციით არის გამოწვეული. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტას იმ დრომდე ითხოვენ, სანამ მას დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომა არ შეეძლება.

წერილზე ხელმომწერ ევროპელ დეპუტატებს "ქართული ოცნების" ლიდერები იმ საქმეებს ახსენებენ, რომელთა გამოც ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს იხდის.

წერილს, უცხოელებთან ერთად, ხელს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილიც აწერს.

ღია წერილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის იმის მანიშნებელია, რომ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში არსებულ ვითარებას კარგად იცნობენ.

როგორც წერილის, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სულისკვეთებას არ იზიარებენ მმართველ პარტიაში, სადაც განმარტავენ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრებები რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის პოზიციას არ წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული, საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

დღის ამბები