16 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
არანაირი კავშირი "ნაციონალურ მოძრაობას" კონკრეტულ თეოლოგებთან არ აქვს - ენმ-ში დეკანოზ ჯაღმაიძის ბრალდებებს უარყოფენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები გამოეხმაურნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე კატეგორიულად უარყოფს მისი პარტიის რაიმე კავშირს გავრცელებულ ინფორმაციასთან. 

"არანაირი ინსტიტუციონალური კავშირი "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს კონკრეტულ თეოლოგებთან, თუმცა, შეიძლება კონკრეტულ ადამიანს მეგობრები ან ნაცნობები ჰყავდეს რომელიმე ოპოზიციურ თუ არაოპოზიციურ პარტიაში და ა.შ. მათი საქმიანობის შესახებ, ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არ ვიცით და ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.

ვინც არ უნდა იყოს ის, აშშ-ის პრეზიდენტი, რომის პაპი, მსოფლიო პატრიარქი თუ მნიშვნელოვანი ადამიანები, რომელთაც მსოფლიო პოლიტიკაში სიტყვა ეთქმით და გავლენა აქვთ, ვინც მხარდაჭერას გამოუცხადებს სააკაშვილს, არის მისასალმებელი ჩვენთვის, რადგან, მიგვაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და მას უსამართლოდ დევნიან,"- აცხადებს ნიკა ობოლაძე.

მმართველი გუნდის წევრი ბექა დავითულიანი კი არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მართლაც ჰქონოდა მსგავსი გეგმა. 

"ჩვენც, საერო პირებს უამრავი ნაკლი გვაქვს, რის გამოც ქვეყანა ზიანდება და რა თქმა უნდა, სასულიერო პირებშიც შეიძლება ვიღაცის საქციელი არ იყოს სხვისთვის მისაღები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისტემურად ვინმეს უფლება აქვს ებრძოლოს ამ ინსტიტუციას, რადგან ამ ინსტიტუციის ნგრევა ნიშნავს ამ ქვეყნის ფუნდამენტის მნიშვნელოვან დაზიანებას და, ვხედავთ, რომ წლებია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხდება სისტემური ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ახლა კი უკვე ღიად და დეკლარირებულად,"- აცხადებს ბექა დავითულიანი.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით, თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად მიემგზავრებიან, სადაც ბართლომეოს პირველთან იტყვიან, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. 

ცოტა ხნის წინ,დეკანოზის ბრალდებებს  თეოლოგებმაც უპასუხეს და კატეგორიულად უარყვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები