16 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
"როგორ გგონიათ, ჩემსა და ბარნოვის ჭკუაზე დადის მსოფლიო პატრიარქი?!" - დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ბრალდების ადრესატები პასუხობენ

"მორიგი ავანტიურა იგეგმება საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ" - ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით, თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად მიემგზავრებიან, სადაც ბართლომეოს პირველთან იტყვიან, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. 

თეოლოგი გოჩა ბარნოვი დეკანოზის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის ყოველწლიურად დადის კონსტანტინეპოლში, წლის ამ მონაკვეთში, რადგან 22 ოქტომბერს მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების წლისთავი აღინიშნება.

"ზოგადად, ძალიან ხშირად ჩავდივარ, ამ პერიოდშიც, რადგან 22-ში არის მისი პატრიარქად აღსაყდრების დღე და ყოველ წელს ჩავდივარ. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ, ვერც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ვიმეორებ, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ შეიძლება წავიდე. კითხულობს, რა ხდება ჩვენთან, როგორია ცხოვრება, აინტერესებს ქართველი მორწმუნეების მდგომარეობა, ეკლესია... ქართულ პოლიტიკაზე არ გვქონია საუბარი არასდროს.

ყოველთვის აინტერესებს უკრაინის თემა, ბუნებრივია, ეს ყველას აინტერესებს. როგორც მითხრეს, რაც წერია ჯაღმაიძის პოსტში (მე არ მინახავს), არანაირი ავანტიურული, თუნდაც ამ თემაზე საუბარში არაფერი არ არის, ავანტიურა არის ის, რომ საქართველოს ეკლესია მიჰყვება რუსულ ნარატივს და არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ძალიან მეეჭვება, რომ გვქონდეს საუბრის საშუალება, რადგან ძალიან ბევრი სტუმარია ამ დღეებში ჩასული და შეხვედრა არის სულ რამდენიმე წამი,"-აცხადებს გოჩა ბარნოვი "კურიერთან" საუბრისას.

ბრალდებას უარყოფს მეცნიერებათა დოქტორი თამარ მესხიც და აცხადებს, რომ ის და ბართლომეოს პირველი დიდი ხანია მეგობრები არიან და ხშირად დადის მის სანახავად. 

"30 წლისთავია მისი აღსაყრდებიდან, ჩავალ, მივულოცავ და წამოვალ. მე უნდა ვუკარნახო მსოფლიო პატრიარქს რა უნდა ქნას? ან ჩემს ჭკუაზე და ბარნოვის ჭკუაზე დადის მსოფლიო პატრიარქი? თქვენ როგორ ფიქრობთ. მსოფლიო პატრიარქთან მაქვს 44 წელია ურთიერთობა, თვითონ ამბობს, თორემ მე როგორ გავბედავ იმის თქმას, რომ ჩემი მეგობარია. ჯაღმაიძეს არ ვიცნობ, ბოლო 7 წელია საპატრიარქოში აღარ დავდივარ, მივატოვე საპატრიარქო. არავისთან არ მაქვს ურთიერთობა, აბსოლუტურად არავისთან,"-აცხადებს თამარ მესხი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები