16 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
გადაიყვანენ თუ არა მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს კლინიკაში - რა გადაწვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი

გადაიყვანენ თუ არა მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს კლინიკაში - მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მივიდნენ.

სავარაუდოდ, ადვოკატების გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი, დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მედიკოსთა კონსილიუმის გადაწყვეტილებას და გადაიყვანენ თუ არა მას კლინიკაში.

"სამედიცინო მანიპულაციებთან დაკავშირებით ზოგადი საუბარი მიხეილ სააკაშვილთან გვქონდა, თუმცა კონკრეტულად გუშინ გაკეთებულ რეკომენდაციაზე მის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით აქამდე არ გვისაუბრია, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მოვინახულებთ, სხვა თემებთან ერთად, ალბათ, ამასაც განვიხილავთ და შევძლებთ უკვე დავაფიქსიროთ მისი სახელით პოზიცია," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი მივიდა. ბოტკოველის განცხადებით, მესამე პრეზიდენტთან ბევრ საკითხზე ისაუბრებს, მათ შორის, 30 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებითაც.

ამასთან, გუშინ იუსტიციის სამინისტროში გამართული მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

"გარკვეული გეგმები შემუშავდა ისეთი შემთხვევებისთვის, თუ როგორ შეიძლება იყოს მოვლენები განვითარებული, რაც გაგვიადვილებს ყველას გადაწყვეტილებების მიღებას ცალკეულ შემთხვევებში. განიხილება ასევე პოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში როგორი იქნება მოქმედებები, რა წესით განხორციელდება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოხდება, უშუალოდ პატიმრის ნების გათვალისწინებით და ამგვარად წარიმართება პროცესები," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები