16 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
თუ ყოფილ პრეზიდენტსა და რიგით მოქალაქეებს სხვადასხვა სპეციფიკით მივუდგებით, გამოვა, რომ თანასწორობის პრინციპს ვარღვევთ - გურამ მაჭარაშვილი

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების მიერ შედგენილი წერილი არ ასახავს ამ ინსტიტუტის სრული შემადგენლობის პოზიციას და ის ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ მომზადებული დოკუმენტი არის და მხოლოდ მათ სუბიექტურ პოზიციებს გულისხმობს.

"თუ ჩვენ მივუდგებით ყოფილ პრეზიდენტს სხვა ნორმებით და სხვა სპეციფიკით და რიგით მოქალაქეებს - სხვა სპეციფიკით, გამოვა, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ვარღვევთ.

რაც შეეხება ევროპულ ურთიერთობებს, ეს ერთად აღებული ერთი ან რამდენიმე პოლიტიკოსის ევროპელის თუ ქართველის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის საქართველოს უმრავლესობის გადაწყვეტილება და ევროპის დიდი ოჯახის გადაწყვეტილება.

არ ინერვიულოთ, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ცალკეულ პოლიტიკოსებს თავიანთი სუბიექტური მოსაზრება აქვთ და ეს მათი უფლებაა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს თუ პოზიციას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ განცხადება არ ასახავს ევროპარლამენტის საერთო აზრს. 

"რაც შეეხება ამ განცხადებას, რომელიც გულისხმობს, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილების, ჩვენი ქვეყნის სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიას არ მოახდენს ვინმე, ჯერ ერთი - ამის რევიზიას სტრასბურგის სასამართლო არ აკეთებს, მანამდე რომ მართლმსაჯულება არ განხორციელდეს, ეს იურიდიული თვალსაზრისით არის აბსოლუტური ნონსენსი," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, "სააკაშვილი გათავისუფლდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვამდე" - ამ მოწოდებით 5 ევროპარლამენტარი გამოდის. ერთობლივ წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორები მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას მოელიან. ევროდეპუტატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა შეკითხვას აჩენს დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. ევროპარლამენტართა ჯგუფი წერს, რომ სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა, რომლის განხილვებსაც ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება.

დღის ამბები