საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" მეორე ტურში 20-ვე ქალაქში გაიმარჯვებს. მისივე თქმით, 64-დან 20 ქალაქში მეორე ტურის ჩატარება აბსოლუტურად ჩვეულებრივი ევროპული პრაქტიკაა.
"ის, რომ 64-დან 20 ქალაქში მეორე ტური გაიმართება, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ევროპული პრაქტიკა და დემოკრატიის მაჩვენებელია. ჩვენ 47% ავიღეთ, მიუხედავად იმ ობიექტური ფაქტორებისა, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. ამით ჩვენ ყველა იმ სპეკულაციას დავუსვით წერტილი, რომელიც დესტრუქციული ოპოზიციისგან მომდინარეობდა.
ქვეყანაში 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები აღარ გაიმართება. ეს ყველაზე მთავარი იყო. სხვათა შორის ჩვენი დამკვიდრებული წესია, მაგალითად, როდესაც მერები სააკაშვილის დროს არა ირჩეოდნენ, არამედ ინიშნებოდნენ. მერების არჩევა პირდაპირ ხალხის მიერ ჩვენი ინიციატივა იყო. ასევე ის, რომ ბარიერი 50% დავაწესეთ. შესაბამისად, მე მჯერა, რომ 20-ვე ქალაქში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.