საქართველოს საპატრიარქო "აფხაზეთის ეკლესიის" ე.წ წინამძღოლს შეხვედრას სთავაზობს. ილია მეორემ ბესარიონ აპლია "პრობლემატური საკითხების" განხილვის მიზნით თბილისში მოიწვია. მანამდე კი, "აფხაზეთის ეკლესიამ" საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მიღების მოთხოვნით მიმართა.
საქართველოს საპატრიარქოს თბილისში მოწვევას უკვე უპასუხა ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებულმა პატრიარქმა - მოწვევაზე ის უარს ამბობს და აცხადებს, რომ აფხაზეთის ეკლესიის საკითხი მხოლოდ რუსეთში უნდა გადაწყდეს.
მიუხედავად ამისა თეოლოგი ლევან აბაშიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ მხარეებს შორის დიალოგის სურვილი არსებობს:
"ჩვენი წერილები და ჩვენი ეკლესიის გამოთქმები სულ იყო პროტესტები. ჩვენი ეკლესიის შეცდომა ის არის, რომ ჩვენ ძალიან ხისტი პოზიცია გვქონდა. მთავარია, რომ ორივე მხარემ გამოთქვა დიალოგის სურვილი. აპლიამ მომართა საქართველოს ეკლესიას, ადრე არ მომართავდა, პირდაპირ რუსეთისგან მოითხოვდა დამოუკიდებლობას,"- განაცხადა ლევან აბაშიძემ.