დაიწყება თუ არა დიალოგი საქართველოს საპატრიარქოსა და ე.წ "აფხაზეთის ეკლესიას" შორის - ილია მეორის შეთავაზებას ბესარიონ აპლიამ უპასუხა. მოწვევაზე ის უარს ამბობს და აცხადებს, რომ აფხაზეთის ეკლესიის საკითხი მხოლოდ რუსეთში უნდა გადაწყდეს
საქართველოს საპატრიარქოში"აფხაზეთის ეკლესიის" ე.წ მეთაურს რიტორიკა დაუწუნეს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქო ოფიციალურ პასუხს აფხაზეთის ე.წ საეკლესიო საბჭოდან ელოდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს ბესარიონ აპლიას აგრესიულ რიტორიკას და "აფხაზეთის ეკლესიის" ე.წ მეთაურს ურჩევს თუ დიალოგის გაგრძელება სურს ტონი შეარბილოს:
"კატეგორიულად მიუღებელია ის ტონი, რა ტონითაც ის ინტერვიუს იძლევა. ეს არის ძალიან აგრესიული რიტორიკა, რაც ჩვენთვის ვერანაირად ვერ იქნება მიღებული, როგორც მსჯელობისა და დიალოგის დაწყების საფუძველი. ისინი ოფიციალურად დაარბილებენ ამ წერილს თუ რას იზამენ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ის რომ მთლიანობაში ისინი თითქოს დიალოგზე უარს არ აცხადებენ, ჩვენი შეთავაზების საპასუხოდ, ეს მაინც პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს
მოლაპარაკებები სად გაიმართება, ამ პირობების დაყენებისაგან მათ ალბათ თავი უნდა შეიკავონ. უშუალოდ დიალოგს ვგულისხმობთ ჩვენ სხვების ჩარევის გარეშე, ეს რა თქმა უნდა ჩვენი დიდი ხნის სურვილიც იყო.ჩვენ მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის, არ მიგვიღია ჯერ მათგან ოფიციალური შეტყობინება. მან აუცილებლად უნდა დაარბილოს ტონი და ისაუბროს ისე რომ საფუძველი დაიტოვოს იმისათვის, რომ ჩვენ განვაგრძოთ მათთან დიალოგი," - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა