საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ათენში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ევროპული კონფერენცია ოფიციალურად დასრულდა, თუმცა მანამდე კახა კუჭავა ბრიტანეთის, ფინეთის და ლატვიის პარლამენტების სპიკერებს შეხვდა. კოლეგებმა ევროინტეგრაციის პროცესში არსებული მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის სპიკერის ლინდსი ჰოილის შეფასებით, კახა კუჭავასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მან საქართველოსთან მტკიცე მეგობრობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე ესტუმრება.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბრიტანეთსა და საქართველოს აკავშირებთ ისტორია. ორმხრივად კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ეს ყველაფერი კავშირშია იმასთანაც, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ ერთმანეთს წინსვლაში ინვესტიციებისა თუ ვაჭრობის მიმართულებით.
ჩვენს ურთიერთობებში ფუნდამენტი უკვე არსებობს, ახლა მასზე დაშენების დროა. ბრიტანეთს შეუძლია, თქვენ მოგცეთ მხარდაჭერა აგრესორების წინაშე. მე რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ თემთა პალატაში ვისაუბრო ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, როგორც მისი სპიკერი, ამას გავაკეთებ, რადგან ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი მეგობრობა მნიშვნელოვანია ბრიტანეთის პარლამენტისთვის," – აცხადებს ლინდსი ჰოილი.