საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის ამომრჩეველს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში არჩევნების მეორე ტურის წინ გამართული ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანას უნიკალური შანსი აქვს, რომ მომავალ არჩევნებამდე, რომელიც მისი თქმით, 3 წელი აღარ გაიმართება, რეალური პრობლემები მოაგვაროს:
"ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს იმისთვის, რომ არცერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, მივიდეთ არჩევნებზე და ჩავატაროთ მშვიდობიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და სამუდამოდ დავამშვიდოთ ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წინასწარი მონაცემებით, კვლევებით, ყველა მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს, ეს არ უნდა იყოს მოდუნების საფუძველი და მიზეზი, პირიქით ყველა ამომრჩეველი უნდა მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი ხმა. არჩევანი გააკეთოს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენ კარგად გვესმის ოპონენტების, დესტრუქციული ოპოზიციის ნერვიულობის მიზეზი და საბაბი, მათ ამის საკმარისზე მეტი მიზეზი აქვთ, რომ ინერვიულონ, თუმცა სრულიად მიუღებელია ის პანიკა და ისტერია, რომელიც მათგან მომდინარეობს. მათი ერთადერთი მიზანია მოსახლეობის დაძაბვა და საკუთარი ამომრჩევლების დაძაბვა. ჩვენი ხელწერა ყველამ კარგად გაიგო. 9 წელია ჩვენ ქვეყანას ვმართავთ დემოკრატიული გზით, ჩვენზე დემოკრატიული და ჰუმანური ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას. ამას სრული პასუხისმგებლობით, მიღწევებით და შედეგებით ვსაუბრობ. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი იმისა, რომ ქვეყანაში მოგეხსენებათ 3 წელი აღარ გაიმართება არჩევნები და რეალურად გადავიდეთ რეალური პრობლემების მოგვარებაზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.