საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ქუთაისელ ამომრჩეველს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. წინასაარჩევნო შეხვედრაზე მმართველი პარტიის კანდიდატმა და მთავრობის ხელმძღვანელმა დაგეგმილ და უკვე შესრულებულ პროექტებზე ისაუბრეს. ხახალეიშვილის კონკურენტი მეორე ტურში "ნაიცონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძეა.
"მინდა ქუთაისელებს მივმართო და შევპირდე, რომ ბატონი იოსების არჩევის შემდეგ 2022 წლის იანვრიდან ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ქუთაისს საგრძნობლად გაეზარდოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცენტრალური მთავრობისგან. ვგეგმავთ მასშტაბურ პროექტებს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე საჯარო მოხელეების ხელფასზეც ისაუბრა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჯარო მოხელეებს ხელფასი წლებია არ გაზრდია და ეს პრობლემაა.
"საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა არ მომხდარა უკვე ძალიან ბევრი წელია და ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ჩვენი გადაწყვეტილებით, იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდას დავიწყებთ," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მისი დავალებით განახლდება პროექტი, რომელიც ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოებას ითვალისწინებს:
"დაახლოებით, 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტროავტომობილების წარმოებას. გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოოდ, ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ და დავიწყეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან. ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია უკვე ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო,"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე ტურში გასულ ოპოზიციის კანდიდატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხატია დეკანოიძეს ქუთაისთან არანაირი კავშირი არ აქვს და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მეორე ტურში გასვლა ოპოზიციაში გადასული ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას ფაქტორს უფრო უკავშირდება ვიდრე თავად "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს:
"რაც შეეხება ჩვენს ოპონენტს, იოსებ ხახალეიშვილის ოპონენტს, ვინ არის ოპონენტი? ქალბატონი ხატია დეკანოიძე. ქალბატონი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი ქუთაისში და არავითარი კავშირი, ბმა ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია. რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობით მინდა ვთქვა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი. მეორე ტური სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი! მეორე ტურში ვინ არის ჩვენი ოპონენტი? - მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ ყველას ყველას დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქუთაისში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.