ერთ-ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა, თვითმმართველობის არჩევნების რეფერნდუმთან გაიგივებას ეხებოდა. "ეს არის სრულად დახურული საკითხი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, 43-პროცენტიანი ზღვარის ვერ გადალახვის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დათქმა თავშივე არასწორი იყო. პროცესს და შედეგსაც სხვა ჭრილში ხედავს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ არჩევნების თანაბარ პირობებში ჩატარების შემთხვევაში მმართველი პარტია ზღვარს ვერ გადალახავდა.
ოპოზიცია, რომლის ნაწილიც თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეებს აქტიურობას სწორედ იმ არგუმენტით მოუწოდებდა, რომ ეს არა უბრალოდ მუნიციპალური არჩევნები, არამედ გაცილებით მეტი იყო - "ოცნებას" გამარჯვებულად მაინც არ თვლის. ერთი იმიტომ, რომ წინ ჯერ მეორე ტურებია, მეორე კი იმიტომ, რომ რეალური კონკურენციის პირობებში, მათი თქმით, ოცნება 43%-თან ვერც კი მივიდოდა. ოპოზიცია კვლავ მანკიერ საარჩევნო პირობებზე საუბრობს და 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გამო წყენა არ დავიწყებია.
თვითმმართველობის არჩევნებში საპარლამენტო კომპონენტი შემთხვევით არ გაჩენილა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების, უშედეგო რაუნდების, ცხარე კამათისა და ნანატრი კომპრომისების შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ თუ მმართველი გუნდი თვითმმართველ რეგიონებში ამომრჩევლების გულს 43%-ით ვერ მოიგებდა, ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა. თუმცა სწორედ იმიტომ, რომ მათმა ყველაზე წონიანმა ოპონენტმა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ ისურვა, "ოცნებამ" ჩათვალა, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ თავადაც არ ისურვებდა ხელმოწერის ერთგულებას. საბოლოოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა შედგა, თუმცა უკვე გვიან, როდესაც მმართველმა გუნდმა ხელმოწერა გაიწვია. ამის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების ნარატივებში აცდენა საგრძნობი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო სიტყვა მეორე ტურში ქვეყნის 20 ოლქში ჯერ კიდევ არ თქმულა - მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მათ არჩევნებიც მოიგეს და რეფერენდუმიც, რომელსაც რეალურად არ ცნობდნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ცვლილებებმა ერთის მხრივ გუნდის, მეორეს მხრივ კი, ქვეყნის შიგნით გარკვეული უპირატესობების მოპოვების იმედი ოპონენტებს ფუჭად გაუჩინა.
იქნება თუ არა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გამოდგება თუ არა თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმის პლატფორმად - ამაზე საუბრები პოლიტიკოსებში ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები აქტუალობით მაინც გრძელდება. ნებისმიერ შემთხვევაში კი, არჩევნების ბედს მოქალაქეები წყვეტენ, რომლებსაც წინ მეორე ტური ელით.